ახალი ქართულით (The new Georgian)

Переводы: (скрыть)(показать)
LXX Darby GRBP NRT IBSNT UBY NIV Jub GRBN EN_KA NGB GNT_TR Tanah Th_Ef MDR UKH Bible_UA_Kulish Комментарий Далласской БС LOP ITL Barkly NA28 GURF GR_STR SCH2000NEU New Russian Translation VANI LB CAS PodStr BibCH UKDER UK_WBTC SLR PRBT KZB NT_HEB MLD TORA TR_Stephanus GBB NT_OdBel 22_Macartur_1Cor_Ef VL_78 UBT SLAV BHS_UTF8 JNT UKR KJV-Str LXX_BS BFW_FAH DONV FIN1938 EKKL_DYAK BB_WS NTJS EEB FR-BLS UNT KJV NTOB NCB McArturNT Makarij3 BibST FIN1776 NT-CSL RST Mc Artur NT BBS ElbFld RBSOT GTNT ACV INTL ITAL NA27 AEB BARC NZUZ שRCCV TORA - SOCH LOGIC VCT LXX_Rahlfs-Hanhart DRB TanahGurf KYB DallasComment GERM1951 Dallas Jantzen-NT BRUX LXX_AB LANT JNT2 NVT
Книги: (скрыть)(показать)
. Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Иис. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. Ездр. Неем. Иов. Пс. Прит. Еккл. Песн. Ис. Иер. Плач. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Матф. Мар. Лук. Иоан. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Иоан. 2Иоан. 3Иоан. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Фил. Кол. 1Фесс. 2Фесс. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр. 1Макк. 2Макк. 3Макк. 4Макк. 2Ездр. 3Ездр. Тов. Иудиф. 3Ездр. Сир. Прем. Посл. baruqi ბარ.
Главы: (скрыть)(показать)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

ახალი ქართულით (The new Georgian)

დაბადება (დაბ.) 19

1 შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა.

2 უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს.

3 არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს.

4 ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.

5 დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ.

6 გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი.

7 უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!

8 აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.

9 უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.

10 გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი.

11 იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.

12 უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,

13 რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.

14 გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ, ხუმრობსო ლოტი.

15 განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი, მოჰკიდე ხელი შენს ცოლს და ორ ასულს, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო. ამ ქალაქის უკეთურობის გამო.

16 ფეხს ითრევდა ლოტი და იმ კაცებმაც, რადგან უფალმა დაინდო ლოტი, ეხლი ჩასჭიდეს მის ცოლს, მის ორ ასულს, გაიყვანეს და ქალაქის გარეთ დააყენეს.

17 როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები.

18 უთხრა ლოტმა: არა, უფალო.

19 აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში; დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე. მაგრამ მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო.

20 აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.

21 უთხრა: კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.

22 აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს სახელად ცოღარი.

23 მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოღარს.

24 აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.

25 დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი.

26 უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად.

27 წავიდა აბრაამი დილაადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე.

28 გახედა სოდომსა და გომორს და, აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი.

29 როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.

30 აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად.

31 უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.

32 მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

33 შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

34 მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

35 შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

36 დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან.

37 შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე.

38 უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე.